„პარკ ჰოტელი“ სასახლის ტერიტორიაზე მდებარე სასტუმროა. მის ინტერიერზე ქართველმა დიზაინერმა – თამარ ვალიშვილმა იმუშავა. კარგად გააზრებული დეტალები, კედლების ფერი, საუცხოო ავეჯი ის მახასიათებლებია, რომელთა წყალობითაც „პარკ ჰოტელ“-მა განსაკუთრებულობა შეიძინა. ინტერიერში უხვად არის გამოყენებული გრაფიტი, როგორც ახალგაზრდობის თვითგამოხატვის ერთ–ერთი საშუალება. სასტუმრო მათ მოთხოვნებზე მაქსიმალურად არის მორგებული. სწორედ ამიტომ, ის თავგადასავლების მოყვარულ ახალგაზრდებს იზიდავს და მათი თავშეყრის ადგილია.
სასტუმროს გარკვეული ნაწილის კედლების მოხატვაზე ქართველმა მხატვარმა ქეთი დავლიანიძემ იზრუნა. კომპოზიციები და კედლის მოხატულობა თანამედროვე მარტივი სიმბოლიკით და სივრცული გეომეტრიული ფიგურებით არის წარმოდგენილი. კავკასიონის კონტური, სიყვარულის და მიმართულების მანიშნებელი „ამურჩიკების“ ისრები, მუზები და ადამიანები, მუსიკალური სიმბოლოები და ნოტები – ამ ყველაფერმა ლამაზი, მყუდრო და თემატური სასტუმროს ინტერიერი დაამშვენა.
ინტერიერის მოხატვაში ასევე ჩართული იყო მხატვარი გიორგი ქაცარავა. მისი მთავარი მიზანი იყო თითოეულ ნომერში განსხვავებული კედლის შექმნა, რომელიც რაღაც ფორმით სტრიტ არტს და მუსიკას გააერთიანებდა. იქიდან გამომდინარე, რომ სასტუმრო ყოველწლიურად უმასპინძლებს წინანდლის ფესტივალს, მუსიკა მისი კონცეფციის განუყრელი ნაწილია, რაც ხელოვანს ძალიან დაეხმარა ვიზუალზე მუშაობისას. მან განვლილი საუკუნის წამყვანი კლასიკოსების პორტრეტები სტრიტ არტის თანამედროვე ხასიათთან თანხვედრაში მოიყვანა.